კურიერმა ის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, სადაც დაკავებული დავით გამხუაშვილის პოლიციის განყოფილებიდან ექსპერტიზაზე გადაყვანაა ასახული.
37 წლის ბრალდებული, პოლიციელებს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობას, ფიზიკურ ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. მოპოვებულ მასალაში ბრალდებულ გამხუაშვილს დაზიანებები კარგად არ ეტყობა, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ცემის შედეგად მიღებული ყველა ტრავმა რამდენიმე სამედიცინო ბარათშია აღწერილი. მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას ჩატარებული შემოწმების ოქმში.
სკანდალური საქმის გამოძიება უკვე დაიწყო მთავარი პროკურატურამ, მომხდარის საკუთარი ვერსია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მღებრიშვილის უწყების გავრცელებულ განცხადებაში აქცენტს დავით გამხუაშვილის კრიმინალურ წარსულზე აკეთებს და ირწმუნება, რომ 5 ივნისის ღამესაც შეიარაღებული გამხუაშვილი ყოფილი სპეცრაზმელისთვის გლდანის სასაფლაოსთან ფულის და ოქროულობის წართმევას ცდილობდა.
დავით გამხუაშვილის საქმეს კარგად იცნობს სახალხო დამცველის აპარატი. უჩა ნანუაშვილმა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობა უკვე ტენდენციად იქცა.
დავით გამხუაშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის მუქარასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დღე დაიწყო. შოთაძის უწყება იკვლევს ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან პირის დაკავებისას უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ადგილი. მომხდარზე უკვე დაკითხულია დაზარალებული გამხუაშვილი. თუმცა უცნობია მოხდა თუ არა მისი აღწერილი მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება და მათი დაკითხვა.