სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის, განცხადებით, დავით გამხუაშვილის საქმე კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ არსებობს სისტემური პრობლემა.
„აქამდე არსებულ ფაქტებზე გამოძიება არ ჩატარებულა ეფექტურად. ჩვენ არ გვახსენდება არც ერთი პოლიციელი, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მიეცა პასუხისგებაში და დაისაჯა მსგავსი ფაქტების გამო და ასეთი დუმილი სახელმწიფოსი ახალისებს მსგავს დანაშაულებს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
სამოქალაქო სექტორი საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვთ.
დაკავებული დავით გამხუაშვილი პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში, ცემასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველი და პროკურატურა.