ახალი დეტალები დავით გამხუაშვილის საქმეში. კურიერმა სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც ბრალდებული პირადად ყვება, რა ზეწოლა განიცადა პოლიციელების მხრიდან.
გამხუაშვილი სამართალდამცველებს სექსუალური ძალადობის მუქარასა და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ის ასევე იხსენებს ინციდენტის დაწყების დეტალებსაც.
“ეს ქალი რომ კივის, კივის არა ტკივილისგან, არამედ სიამოვნებისგან. ეს ხდებოდა, მე ეს დავინახე და რადგან ეს დავინახე, მე ამის მსხვერპლი ვარ, თორე მაგ პიროვნებას იარაღი თვითონ ჰქონდა, მე არ მქონდა. მაგ პიროვნებამ ჩამტენა მე. რატომ არ დარეკა მაგ პიროვნებამ პოლიციაში და რატო დაურეკა თავის ახლობლებს, რატომ ამოიყვანა, რატომ მცემა? პოლიციაში მე ჩვენებას ვაძლევდი. უბრალოდ, ადვოკატს ვითხოვდი, მე ხელს არ მოვაწერდი არაფერზე იმიტომ, რომ ადვოკატთან ერთად მინდოდა ყველაფერი. ადვოკატთანაც არ დამარეკინეს,“ - განაცხადა დავით გამხუაშვილმა.
ამ ფაქტის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს არასამთავრობო სექტორი. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ერთგვარ ტენდენციად იქცა პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე ფიზიკური ან სიტყვიერი ზეწოლა.
“ქვეყანაში კვლავ სისტემური პრობლემა არის, როდესაც პოლიციელები ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ასეთი ტიპის მოპყრობას ჩადიან მოქალაქეების მიმართ. ეს ხარვეზები შეიძლება, განპირობებული იყოს იმით, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სისტემა, რომელიც ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ასეთ ფაქტებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტი,“ - აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ანალიტიკოსმა, გოგა ხატიაშვილმა.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ასევე ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლებიც.