დღეიდან ე.წ. ციანდის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესი შუამდგომლობით დაიწყო. დაცვის მხარე სასამართლო სხდომების გასაჯაროებას ითხოვს.
“მთავარმა პროკურორი გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ საქმეში არ არის არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი, ინფორმაცია და ასე შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი რამდენიმე დღის უკან ამოვიღეთ ოფიციალურად, როგორც დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება ოფიციალურად. ჩვენა ამას შევიტანთ სასამართლოში, როგორც ახალად მოპოვებულ მტკიცებულებას და ამის საფუძველზე მოვითხოვთ სასამართლო სხდომის საჯაროობას,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
ასევე მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის, თქმით, არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე, სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენება.
“არ შეიძლება, სასულიერო პირი, რომლის მიმართაც არ გაგაჩნია არანაირი მტკიცებულება, ასე საზოგადოდ გამობრძანდე და მას ასეთ რაღაცაში ბრალი წაუყენო და ცილი დასწამო, თითქოსდა იმის მაგივრად რომ ქველმოქმედებას ეწეოდა, იმის მოძიებაში იყო, განაცხადო, რომ ის კრიმინალურ ჯგუფთან ერთად აპირებდა ფულის გათეთრებას,“ - აღნიშნა რამიშვილმა.
სასამართლო პროცესს ასევე ესწრება სახალხო დამცველი.
“გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ შესაძლებელი იყო დასწრება, მაგრამ მე ამას კიდევ ერთხელ აღვიქვამ იმას, რომ კანონი ძალიან ცალსახად აცხადებს, რომ სახალხო დამცველს აქვს ამის უფლება. სხდომაზე დასწრება არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო დამცველს უფლება აქვს გარკვეულ დეტალებზე ისაუბროს. ჩვენი მიზანია პროცესიის მონიტორინგი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური წარმომადგენლის დასწრება პროცესზე,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.