აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ცოლი და ადვოკატი ბელაქნის საზღვარი იმყოფებოდნენ. მათ მესაზღვრეებს რამდენიმე კითხვით მიმართეს და აინტერესებდათ, ხორციელდება თუ არა ვიდეოკონტროლი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ახლობლებს სურდათ, გაერკვიათ, რამდენად არის შესაძლებელი საზღვარზე გადაპარვა. მათი თქმით, დარწმუნდნენ, რომ სწორედ ამ ტერიტორიიდან მოხდა ჟურნალისტის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაყვანა.
„გუშინ მივიღეთ ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებიდან, რომ აფგანი შეხვდა ადვოკატს და გადმოგვცა, რომ დეტალურად ახსნა, რომ ის ამ საგუშაგოდან გადაიყვანეს და როდესაც ამ საქართველოს საზღვარზე გადავიდა, ნეიტრალურ ზონაში მანქანა გაჩერდა, სადაც ის აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა. აფგანი 100 პროცენტით დარწმუნებულია ამაში და ამბობს, რომ უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები უნდა გასაჯაროვდეს, ამის შემდეგ დადასტურდება, რომ ის საქართველოდან სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად გაიტაცეს,“ - განაცხადა ჟურნალისტის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ.
მისი თქმით, მდინარე, რომელზე აზერბაიჯანელი სამართალდამცავები საუბრობენ, რომ, თითქოს, აფგან მუხთარლიმ გადაცურა, აბსურდია. ლეილა მუსტაფაევამ ასევე დაამატა, რომ მდინარის შესწავლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ახლობლები ასევე გამოეხმაურნენ აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სამართალდამცავების სპეცოპერაციის შედეგად მოხდა მუხთარლის აყვანა.
ჟურნალისტის ახლობლების განცხადებით, აზერბაიჯანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველმა გაახმაურა მსგავსი ტიპის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი საქართველო-აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედებების შედეგად გაიტაცეს.
ქართული მხარე აზერბაიჯანელი დეპუტატის ამ განცხადებას უარყოფს.