ჯგუფ ბირჟა მაფიას მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან დასრულებულია. აქციის მონაწილეებმა დღეს დაკავებული მომღერლების გათავისუფლება მოითხოვეს.
დაკავებული წევრების ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს. ისინი იმ გარემოებებზე საუბრობენ, რომლებიც მათ დაკავებამდე მოხდა.
ჯგუფ ბირჟა მაფიას სკანდალური კლიპი ერთ-ერთი კომპანიის დაკვეთით და დაფინანსებით გადაიღეს. ოჯახის წევრების განცხადებით ჯერ პოლიციის მხრიდან ზეწოლა ამ კომპანიაზე განხორციელდა, რათა კლიპი ინტერნეტსაიტებიდან წაეშალათ.
კომპანიამ ვიდეო არ წაშალა და მხოლოდ ის ადგილები დაფარა, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმული მსახიობები ჩანან. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ბირჟა მაფიას წევრი დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე, სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ დააპატიმრეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მგალობლიშვილს ნარკოტიკები ჩაუდეს.
მიხეილ მგალობლიშვილის დაკავებიდან 2 საათში პოლიციამ ანალოგიური ბრალდებით კლიპში ბირჟ ამაფიას კიდევ ერთი წევრი, გიორგი ქებურიაც, დააპატიმრა.
ადვოკატები საქმეში არსებულ სამართლებრივ დარღვევებზე საუბრობენ და საგამოძიებო უწყებებს გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირებს მუსიკოსების დაკავებას არასამთავრობო სექტორიც.
ბირჟა მაფიის წევრების დაკავების რეალური მიზეზების დადგენას და ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვს სახალხო დამცველი. პროკურატურამ დღეს მოკვლევა უკვე დაიწყო.