22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელის, გოდერძი თევზაძის, გათავისუფლებას სტურუების ოჯახში დაპირისპირება მოჰყვა.
2016 წლის აგვისტოში სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა აცხადებდა, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე პოლიციის თანამშრომელმა მიყავანა და მის დასჯას მოითხოვდა, თუმცა დღეს დედა პოლიციის უდანაშაულობაზე ალაპარაკდა.
დემურ სტურუას დედას შეცვლილი პოზიციის გამო ოჯახის წევრები აკრიტიკებენ. გარდაცვლილი ახალგაზრდის მამიდა და ბიცოლა ირწმუნებიან, რომ გოდერძი თევზაძე ციხიდან გარიგების შედეგად გაათავისუფლეს და ის დამნაშავეა.
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 2016 წელს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც ის თვითმკვლელობამდე მიყვანაში სამტრედიის პოლიციის თანამშრომელს, გოდერძი თევზაძეს, ადანაშაულებდა.