ხაშურის რაიონში წყალდიდობაა. ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებში წყალი შევარდა და ასევე დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები. თუმცა, ამ დროისთვის ზარალის ოდენობა უცნობია.
ქვიშხეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სამაშველო სამსახურებს და გამგეობას მიმართეს ელექტროენერგიის გათიშვის თხოვნით, თუმცა ამ დრომდე არ გამორთულა.
ამ დროისთვის წყალდიდობა დაფიქსირებულია სურამში, ტაშისკარსა და ქვიშხეთში.
ხაშურის გამგებელი წყალდიდობას ადასტურებს. თუმცა აღნიშნავს, რომ მდინარეებს ჯებირები არ გადმოულახავთ, ეს წყალი კი მთიდან ჩამოსული ნიაღვრებია, რაც ძლიერმა წვიმამ გააჩინა.
ხაშურის გამგებლის განცხადებით, ამ დროისთვის მსხვერპლის ან შენობების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არა აქვს. მისი ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები უკვე მობილიზებულები არიან და ყველა ეკიპაჟი სრული დატვირთვით მუშაობს.