ამერიკაში დაკავებული ქართველი მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს, ნიუ იორკის სასამართლომ გათავისუფლებაზე უარი უთხრა და 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მისი მეგობრების ინფორმაციით, მიზეზი სპორტსმენსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის სატელეფონო კომუნიკაციების ვრცელი ამონაწერი გახდა.
სასამართლოს სხდომაზე, სადაც ქართველ სპორტსმენს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ამერიკელმა პროკურორებმა რამდენიმე მტკიცებულება წარადგინეს, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები.
ნიუ იორკ თაიმსის ცნობით, საქმეში დევს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ხურციძე ერთ-ერთ მოქალაქეს თავს ესხმის და სცემს.
საპატიმროს, სავარაუდოდ, ორშაბათს თანხის გადახდისა და ფორმალური საკითხების მოგვარების შემდეგ ტოვებს კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი. ნიუ იორკის სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.