გლდანის მე-8 დაწესებულებაში ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების, გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის, გამოკითხვა დასრულებულია. მუსიკოსებმა პროკურორებს მათი დაკავების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
საქმეზე გამოძება პროკურატურას ჯერ არ დაუწყია და ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს.
„მათ მიაწოდეს ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად უთითებდნენ იმ სამართალდარღვევებზე, რაზეც ადვოკატები და ასევე თავად აპელირებდნენ სასამართლო პროცესზე. ჩვენ მიერ, რა თქმა უნდა, სრულად იქნა ასახული ყველა ეს ინფორმაცია. გადავხედავთ ყველა ამ დეტალს, შევაფასებთ და ამის შემდეგ მივიღებთ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების თაობაზე,“ - განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.
პროკურორები არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების დაწყებამდე სამართალდამცველებთან მსგავსი ტიპის გასაუბრება ჩაატარონ.
შეგახსენებთ, რომ რეპერების განცხადებით, მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა და პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენების ოქმზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს.
ბრალდებულების მტკიცებით, სამართალდამცველებმა ისინი უკანონოდ, მათ მიერ გავრცელებული კლიპის გამო დააკავეს, რადგან ვიდეოში პოლიციელი ფიგურირებს.