წყნეთი-ახალდაბის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის გამო ახალდაბას ბუნებრივი აირი ისევ არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები ყაზტრანსგაზმა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ყაზტრანსგაზის საავარიო სამსახურის თანამშრომელი, კობა ცირეკიძე, აცხადებს, რომ სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.
„ჩაიჭრა მილები, რომ მთლიანი ქსელი არ დაზიანებულიყო და ეს აღდგება დღის ბოლომდე. გათიშულია, როგორც მე ვიცი, სოფელი ახალდაბა. ეს ქსელი მიდის იქამდე, იკვებება სოფელი ახალდაბა,“ - განაცხადა კობა ცირეკიძემ.
რაც შეეხება მთელი ღამის განმავლობაში ჩახერგილ გზას, მოძრაობა ამ დროისთვის მონაკვეთზე ორმხრივად აღდგა. თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე, აცხადებს, რომ ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია შეიქმნა.
„ჩვენ მიერ შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომლიც აღრიცხავს ზარალს როგორც სოფელ ახალდაბაში, ასევე ვაკის რაიონის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საუბნო განყოფილებების მიხედვით და შეძლებისდაგვარად მოხდება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება,“ - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.