დაზიანებული საცხოვრებლები, მანქანები და ინფრასტრუქტურა - რეგიონების მსგავსად, სტიქიის შედეგებს სწავლობენ დედაქალაქშიც. თბილისის რაიონებში ზარალის დამდგენი ჯგუფები მუშაობენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქში არავინ დაშავებულა, თუმცა სამაშველო სამსახურმა 400-ზე მეტი შეტყობინება მიიღო.
სამაშველო სამსახურის აცხადებენ, რომ დაზიანებები შეეხებოდა როგორც საცხოვრებელი სახლების სახურავებს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებას, ავტოსაგზაო შემთხვევას და ხეების წაქცევის ფაქტს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
„გამთენიამდე ორჯერ დაიკეტა გმირთა მოედანი ვაკე-საბურთალოს ახალი მაგისტრალური გზა. ძირითადად დაკავშირებული იყო აღნიშნული მონაკვეთის დაკეტვა პრევენციულ ღონისძიებასთან უსაფრთხოების მიზნით. ამ პერიოდში დაახლოებით დაფიქსირდა 400-მდე გამოძახება,“ - განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა.
განცხადება სტიქიის შესახებ გააკეთა დედაქალაქის მერმა.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ შექმნილია შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც ამ წუთებში ითვლიან, რა ზარალი მიადგა დედაქალაქს.
„შესაბამისი სამუშაო ჯგუფები ითვლიან ზარალს გლდანის რაიონში და დავეხმარებით მოსახლეობას. განსაკუთრებით პრობლემური არის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, რომელთაც ჰქონდათ მოძველებული გადახურვები. გზა, რომელიც აკავშირებს წყნეთს ახალდაბასთან, ორჯერ გაიწმინდა. მოძრაობა აღდგენილია. მეწყერსაშიშროება არსებობს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე, ვინაიდან იქ მიმდინარეობს სამუშაოები ამ ეტაპისთვის და ჯერ ჩამოწმენდა მთლიანად არ არის დამთავრებული,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შპს თბილსერვის ჯგუფის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ძირითადი მნიშვნელობა წერტილები იყო ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, ასევე მთაწმინდის ტერიტორიაზე.
ლევან ჯღარკავა ვარაუდობს, რომ დღეს დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება.