სოფელ ახალდაბას თითქმის 24 საათია, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალდაბას გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღუდგება.
ბუნებრივი აირის შეწყვეტა არაა ერთადერთი პრობლემა, რომელიც სტიქიამ ახალდაბაში შექმნა. ადგილობრივებს სეტყვამ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გაუნადგურა. უამინდობის გამო მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზეც.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამანქანო მიმოსვლა ახალდაბაში დღეს დილით აღდგა.
წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზე ამ დრომდე მუშაობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უამინდობის შემთხვევაში, სტიქიის ზონაში ღვრაცოფული პროცესები ისევ განმეორდეს.
უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქში არავინ დაშავებულა, თუმცა საგანგებო სიტუაციათა სამსახურში 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. სტიქიის შედეგად 10 ავტომანქანა დაზიანდა, წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებსა და სარდაფებში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დედაქალაქში ამ დრომდე მიმდინარეობს.