18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ძლიერი წვიმა ხაშურის რაიონში - გარე სამყაროს მოწყვეტილ სამ სოფელში მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია 

ხაშურის რაიონის 3 სოფელი მთელი ღამის განმავლობაში გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო. მიზეზი სოფელ ცოცხნართან ჩამოწოლილი მცირე ზომის მეწყერი აღმოჩნდა, რომელმაც ცენტრალური გზა გადაკეტა. 

დაახლოებით ღამის 1 საათზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სოფელ ცოცხნარის გზა ჩაიხერგა. სწორედ ეს არის ერთადერთი გზა, რომელითაც სამი სოფელი უკავშირდებოდა რაიონულ ცენტრს. მთელი ღამის განმავლობაში სოფელი ცოცხნარა, ოძისი და ცივწყარო გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო.

რამდენიმესაათიანი გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, გზაზე აღდგა მოძრაობა და დაახლოებით 170 ოჯახს უკვე მიეცა გადაადგილების შესაძლებლობა.  

ადგილობრივები ყვებიან, რომ მთელი ღამის განმავლობაში შეუძლებელი იყო სასწრაფოს და სამაშველო ბრიგადის გამოძახება, რადგანც სოფლებთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილი იყო.

რაც შეეხება ვითარებას დაბა სურამში, იქ მდგომარეობა მძიმეა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები.

გუშინდელი სტიქიით ყველაზე დიდი ზარალი სწორედ ხაშურის რაიონს მიადგა. მოსახლეობა, რომელსაც გაუნადგურდა ვენახები და ნარგავები, დაეხოცა ცხოველები, დაეტბორა სახლები, დახმარებას ითხოვს.

დღის ამბები