პროკურატურის მიერ დღეს ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების, გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის, დაკავების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გლდანის მე-8 დაწესებულებაში ამ წუთებში მუსიკოსების დაკითხვა მიმდინარეობს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრები, რომლებიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულები შესაძლოა, გამოუშვან.
ბრალდებულ გიორგი ქებურიას ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის, განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც დაკავების დროს რეპერების უფლებები დაარღვიეს.
„ეს იქნება უფრო დეტალური ინფორმაცია მისი უსამართლო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. გიორგი ქებურიას მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დასტურდება. უბრალოდ, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც შოუბიზნესის წარმომადგენელი, ლექსის ავტორი, რომელიც იღებდა მონაწილეობას კლიპში, სადაც მოხდა პოლიციელის გაშარჟება, ამან გამოიწვია, სამწუხაროდ, უკანონო დაკავება ბატონი გიორგი ქებურიასი,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ის იმედოვნებს, რომ საგამოძიებო კოლეგია დაცვის მიერ წარდგენილ საჩივარს განიხილავს და აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაიხედება.