18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
2008 წლის ომის გმირს და სოციალურად დაუცველ ოჯახს ბინებიდან ასახლებენ - ქონება შევარდნაძის მაღალჩინოსანს უბრუნდება

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან მებრძოლი, მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის შტაბის უფროსი, ამირან ცერცვაძე, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ირჩენს თავს. ხოლო საქართველოში მის ოჯახს ბინას ართმევენ.

ამირან ცერცვაძე აცხადებს, რომ საზღვარგარეთ საქართველოში შევიწროვების გამო წავიდა.

„გავერიდე უბრალოდ, აქ შეიძლება ვმუშაობ იმის გამო, რომ თავი ვირჩინო. უბრალოდ, განაპირობა იმან, რომ სახლს მართმევდნენ, სამსახურიდან დამითხოვეს და ვგრძნობდი მანდ შევიწროებას, ანუ რაღაცას ველოდი, ან დამიჭერდნენ...“ - აცხადებს ამირან ცერცვაძე.

აგვისტოს ომის გმირის მამა, ავთო ცერცვაძე, ბინიდან გასახლებას ყოველდღე ელოდება, რადგან ფართი ედუარდ შევარდნაძის მთავრობის სახელმწიფო მინისტრს, ავთანდილ ჯორბენაძეს, გადაეცა.

მას და მის ძმას, ლაზარე ჯორბენაძეს, ბინა 1988 წელს გადასცეს, თუმცა კორპუსის მშენებლობა 1990-იან წლებში შეჩერდა და 2007 წლის ბრძანებით, მერიამ ჯორბენაძეებს, სხვა ხელოვანებს და ყოფილ თანამდებობის პირებს ბინები ჩამოართვა. ავთანდილ და ლაზარე ჯორბენაძეების ადვოკატი, როლანდ ვარაზაშვილი, აცხადებს, რომ ძმებს კუთვნილი 2 ფართი უკანონოდ ჩამოართვეს და შესაბამისად, დავა დაიწყეს. თუმცა, ამირან ცერცვაძის უფლებადამცველის განცხადებით, ჯორბენაძეებმა დავა 2013 წლიდან დაიწყეს, როდესაც საქმეს ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული ჰქონდა და შესაბამისად, იმ დროისთვის 2007 წლის აქტი უკვე ამოქმედებული იყო.

მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ ერთი ბინა ამირან ცერცვაძეს, ხოლო მეორე - სოციალურად დაუცველ 5-სულიან ოჯახს გადასცა. მიუხედავად ამისა, ოჯახებს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მერიამ სამართლიანობა შევარდნაძის მთავრობის სახელმწიფო მინისტრისთვის აღადგინა.

 

 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი

დღის ამბები