გლდანის მე-8 დაწესებულებაში ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების, გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის, დაკითხვა პროკურორების მიერ ამ დრომდე მიმდინარეობს. მთავარმა პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც რეპერების დაკავებისა და მათი გამოკითხვის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მუსიკოსები პოლიციელებს მათზე ზეწოლაში და უკანონო დაკავებაში ადანაშაულებენ.
მუსიკოსებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება შესაძლოა, დღესვე დატოვონ, რადგან მათმა ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიებაზე, წინასწარ 2-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის გარეშე შეუძლია.