18 წლის გერმანელი მათიას რუსტის ამბავი, რომელიც 1987 წელს მოსკოვში თვითმფრინავით საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში შევიდა და მოსკოვში დაეშვა. ნამოქმედარის გამო, მათიას რუსტი ციხეში აღმოჩნდა. რუსტის გადმოფრენის შემდეგ, თანამდებობები დაკარგეს საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრმა, საჰაერო ძალების მთავარსარდალმა და რამდენიმე ათეულმა გენერალმა.
ერთი წლის შემდეგ, 1988 წლის აგვისტოში, მათიას რუსტის ინსტრუქტორმა მოსწავლის ნამოქმედარი გაიმეორა და მან ფრენა ბათუმის აეროპორტში განახორციელა. თუმცა, ამ ფრენის შესახებ, რუსტისგან განსხვავებით, ცოტა ადამიანმა შეიტყო.
ბათუმის აეროპორტის გენერალური მენეჯერის თანაშემწე, ნოდარ კაკაბაძე, ამბობს, რომ სპორტული თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე დაეშვა, ყვავილი და წერილი დატოვა და შემდეგ უკან მალევე გაფრინდა.
გენერალ-მაიორი გიორგი კვინიკაძე რუსტის ინსტრუქტურის, გვარად შნეიდერის, ნამოქმედარს ხსნის და ამბობს, რომ მან რუსტის დაჭერის შემდეგ, მოსწავლის ნამოქმედარი შურისძიების მიზნით გაიმეორა.
1987 წელს, მათიას რუსტის გადმოფრენის შემდეგ, თანამდებობა ბევრმა ადამიანმა დაკარგა, განსხვავებით მისი მასწავლებლისგან. ერთი წლის შემდეგ მისი ინსტრუქტორის ბათუმის აეროპორტში დაშვებას მხოლოდ დივიზიის შტაბის უფროსი და რადიოტექნიკური ბრიგადის მეთაურის თანამდებობები შეეწირა.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი