კრემლის გავლენის ინდექსი - ამ სახელწოდების კვლევა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ანალიტიკურმა ჯგუფებმა 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რუსეთის საინფორმაციო გავლენის დასადგენად ჩაატარეს.
შესწავლილია გავლენები ხელისუფლებაში, მედიასა და არასამთავრობო სექტორში.
კვლევის მიხედვით, კრემლის საინფორმაციო გავლენისა და მასზე რეაგირების მხრივ საქართველო მეორე ადგილზე აღმოჩნდა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, ხელისუფლებისგან საქართველოს კურსის მკვეთრად განსაზღვრის აუცილებლობაზე მეტყველებს.
დასკვნაში მოყვანილია ის პარტიებიც, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პრორუსული მიმართულებით გამოირჩევიან. ასევე დაფიქსირებულია, რომ რუსთავი 2-ს ქვეყნაში ყველაზე მკვეთრად გამოხატული პროდასავლური კურსი აქვს.
„კვლევაში ასევე ცალსახად არის აღნიშნული, რომ მედია ბაზარზე რუსთავი 2-ის არარსებობის შემთხვევაში, ვითარება იქნებოდა გაცილებით მძიმე, ვინაიდან, ეს არის ერთადერთი ტელეკომპანია, რომელსაც ღიად აქვს გამოხატული თავისი პროდასავლური კურსი,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.