ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების დაკავების ფაქტს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია მომხდარის შესახებ ვრცელ შეფასებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმე ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემების კიდევ ერთი დასტურია.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მსგავს ფაქტებზე არაადეკვატურად რეაგირებს, რასაც ბოლო პერიოდში სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებისა და ე.წ. ნარკოტიკის სავარაუდო ჩადების გახშირებული ფაქტები ადასტურებს.
საია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება და მას საგანგაშოს უწოდებს.
საია-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ სერიოზულ სისტემურ პრობლემებს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ემატება, რომელიც მოქალაქეთა დასჯის მექანიზმად იქცა. ასევე მათი თქმით, მდგომარეობას ართულებს სასამართლო კონტროლის არაეფექტურობა იმ პირთა საქმეებზე, რომლებიც საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ.
"უკვე წლებია სახელმწიფოს არ აქვს სათანადო რეაგირება სისტემურ პრობლემებზე. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები არაეფექტურია და პრობლემებს ვერ აგვარებს. ამასთან, საგანგაშოა ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის განცხადება ბირჟა მაფიას წევრების დაკავებაზე; ამგვარი რიტორიკა უფრო მეტად ახალისებს სამართალდამცავთა თვითნებურ და უკანონო მოქმედებებს და ამყარებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ადგილი აქვს მომღერლების დასჯას გამოხატვის თავისუფლებისათვის, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებად იქნა შეფასებული.
"მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით მუშაობის დაწყებაზე, ასევე, ბირჟა მაფიას წევრების დაკავებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საქმე ცხადყოფს არა მხოლოდ აღნიშნულ პრობლემას, არამედ სისტემური პრობლემების გაცილებით ფართო სპექტრს, რაც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად, მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება არ არის საკმარისი სამართალდამცავ და სასამართლო უწყებებში არსებული სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად. საჭიროა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებელი და ეფექტური საგამოძიებო მექანიზმის შექმნასა და სასამართლოს რეალურად რეფორმირებაზე," - ნათქვამია განცხადებაში.