18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
სპეცოპერაცია აღმაშენებლის ხეივანში - სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს

აღმაშენებლის ხეივანსა და წეროვანში სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. ეს ინფორმაცია რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა მოქალაქეები სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავეების დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ განახორციელა.  

ადგილზე განთავსებული ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლების თქმით, სპეცოპერაცია საღამოს 19:00 საათისთვის დაიწყო. ისინი ყვებიან, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც აღმაშენებლის ხეივანში ერთი პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ და დაკავებულთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები