13 ივნისის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა - 2015 წლის 13 ივნისს მოსულმა სტიქიამ ვერეს ხეობაში 24 ადამიანი იმსხვერპლა, 2 მათგანი დღემდე უგზო უკვალოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ და წყნეთის მიდამოებში მოწყვეტილმა მეწყერმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, მზიურის პარკი, საგზაო ინფრასტრუქტურა.
სტიქიის ზონაში, 13 ივნისის გარდაცვლილთა მემორიალი დღეს მერიისა და საკრებულოს წარმომადგნელებმა შეამკეს გვირგვინებით. წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში სტიქიის დროს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
„ეს არის ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც ჩვენ ამ სტიქიის შედეგად მივიღეთ. სხვა დანარჩენი ყველაფერი აღდგა, ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დავკარგეთ, ყოველთვის უნდა გავიხსენოთ,“ - აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.