17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
შეუთანხმებლობის შემთხვევაში უმრავლესობას გარკვეული საფრთხე ემუქრება - უმრავლესობა პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება

ქართული ოცნების ოფისში, ვენეციის კომისიის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარე მაჟორიტარ დეპუტატებს ხვდება. ქართული ოცნების მაჟორიტარები, ასევე უმრავლესობის პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგება და მაჟორიტარული სისტემის დღეს მოქმედი ფორმით დატოვებას ითხოვს. 

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის თავმჯდომარის, კახა ოქრიაშვილის, განცხადებით, ის მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა. დეპუტატმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ბიძინა ივანიშვილზე იყოს დამოკიდებული, უარყო.

„თავი დაანებეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რა. ის კაცი წავიდა თავისთვის არის, თავისი ინტერესები აქვს, დიდ ბაღს აშენებს და მე ძალიან მომწონს, ასეთი რაღაცებით არის დაკავებული. კაცმა თქვა, აგერ ბურთი, აგერ მოედანი და აგერ ვბჭობთ ახლა ამ ბურთით და ამ მოედნით,“ - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ნუკრი ქანთარია, მაჟორიტარული სისტემის დატოვების მომხრეა. ის იმედოვნებს, რომ უმრავლესობა საერთო აზრზე შეჯერდება.

„ამ ძირითად საკითხზე თუ ვერ შევთანხმდით ჩვენ, მაშინ ბუნებრივია, უმრავლესობას გარკვეული საფრთხე ემუქრება და ეს არ უნდა დავუშვათ,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

დღის ამბები