18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
პოლიცია ტახტისძირში დედა-შვილის მკვლელის დადგენას ცდილობს - სამართალდამცველები სოფელში გამოძიებას ატარებენ

სოფელ ტახტისძირში პოლიცია დედა-შვილის სავარუდო მკვლელის ვინაობის დადგენას ცდილობს. გამოძიებისთვის დაუდგენელმა თავდამსხმელმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ორი ქალბატონი, 31 წლისა და 66 წლის დედა-შვილი მოკლა. უშუალოდ გარდაცვლილების საცხოვრებლის გარდა, სადაც ცხედრები იპოვეს, სამართალდამცველებმა სოფელში კიდევ რამდენიმე სახლი შეამოწმეს, სადაც სავარაუდოდ, თავდასხმის იარაღს ეძებდნენ. მეზობლად მდგომი ერთ-ერთი სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ოფიციალურად არავინ ადასტურებს, რომ ამ სახლში შესაძლოა სავარაუდო თავდამსხმელი იყოს.

„ყველას ჩხრეკენო და მოვიდნენ და უბრალოდ დაათვალიერეს. არაფერი არ ამოუღიათ. ყოფილი პოლიციელის ოჯახია და შეიძლება თქვეს, იფიქრეს, რომ რაღაც იყო. რა ვიცი ახლა, სულ ყველაფერი დაჩხრიკეს და არაფერი არ ყოფილა,“ - ამბობს სოფლის ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

გარდაცვლილების მეზობლები დედა-შვილს დადებითად ახასიათებენ და ვარაუდობენ, რომ მკვლელობა კვირას ღამით მოხდა და მათ სროლის ხმაც გაიგეს, თუმცა ამას ყურადღება არ მიაქციეს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიასთან ცხოვრობენ და გასროლის ხმა აქ ჩვეულებრივი მოვლენაა. 

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, დედა-შვილი თავდამსხმელებმა იმიტომ მოკლეს, რომ ძარცვის დროს გარდაცვლილებმა ისინი იცნეს. თუმცა, სახლიდან დაკარგული ნივთების შესახებ ინფორმაცია ამ დორმდე არ ვრცელდება.

გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული ვერსია, თუ რა იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მოტივი. გამოძიების ვერსიით, მკვლელის ვინაობა გარდაცვლილებისთვის, სავარაუდოდ, ცნობილი იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები