საზარელი მკვლელობა ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში. სასტიკად ნაცემი და შემდეგ მოკლული დედა-შვილი, მანანა და მერი ჯაფიაშვილები, მეზობლებმა დანაშაულის ჩადენიდან ერთი დღის შემდეგ იპოვეს.
პოლიციას დანაშაულის არც მოწმე და არც რაიმე საეჭვო ვითარების შემსწრე, ამ დრომდე არ ჰყავს, მაგრამ სოფელში მომხდარის ვერსიებს მაინც ყვებიან.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ დედა-შვილი თავდამსხმელებმა კვირას ღამით მოკლეს, როდესაც მათ იარაღის გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს, ვინაიდან სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს და სროლის ხმა ხშირად ისმის.
ადგილობრივები ორი ქალის მკვლელობას ვერც ყაჩაღობას და ვერც პირად მტრობას ვერ უკავშირებენ, მაგრამ სექსუალურ ძალადობას არ გამორიცხავენ.
სამართალდამცველები მკვლელობის საქმეში მსხვერპლის შესაძლო ნაცნობების მონაწილეობას არ გამორიცხავენ. სოფელ ტახტისძირში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა, გაჩხრიკა როგროც გარდაცვლილი დედა-შვილის, ისე კიდევ ერთი სხვა საცხოვრებელიც, რომლიდანაც ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირადი ნივთები წაიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.