18 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
კისერზე მომკიდეს ხელი, გამაკავეს... მიდიოდა დაშინება - რეპერი გიორგი ქებურია მისი დაკავების დეტალებს იხსენებს

„ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებდით იუმორისტული თვალით,“ - ეს განცხადება ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრმა, გიორგი ქებურიამ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში, მათი კლიპის შესახებ საუბრისას გააკეთა.

მისი განცხადებით, ჯგუფ ბირჟა მაფიას სიმღერის ტექსტი სამართალდაცველების შეურაცხყოფას მიზნად არ ისახავდა და კლიპის სცენარი მათი იდეა არ ყოფილა.

„ჩვენ არ ვიყავით კლიპის ავტორები, ჩვენი იყო ტექსტი, ჩვენი იყო მუსიკა და იმ ტექსტში შეურაცხმყოფელი ფრაზები არ არის ისეთი, რომ  ასეთი რეაქცია მოჰყოლოდა,“ - განაცხადა გიორგი ქებურიამ.

ქებურიან დეტალურად გაიხსენა კლიპის გავრცელების შემდგომ განვითარებული მოვლენები. მისი განცხადებით, კლიპის დამფინანსებელ კომპანიას სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და მისი ინტერნეტსივრციდან აღება მოსთხოვეს, თუმცა მათ ვიდეორგოლში მხოლოდ სამართალდამცველის როლის შემსრულებელი დაფარეს.

გიორგი ქებურია დაკავების დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ ის მანქანიდან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა 2-მა ადამიანმა ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადმოიყვანა.

„კისერზე მომკიდეს ხელი, გამაკავეს და მივყავდი თავისი მანქანისკენ, არ უთქვამთ ვინ იყვნენ. როცა ვუსვამდი შეკითხვებს, არავის პასუხი არ გაუცია,“ - განაცხადა გიორგი ქებურიამ.

ის აცხადებს, რომ სამართალდამცველები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ სჯობდა მას არ ემღერა.

„გიყვარს თუ არა ბიო, ასეთი კითხვა დამისვეს,“ - აცხადებს გიორგი ქებურია და აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები მისი ხასიათის გაგებას ცდილობდნენ. მისი თქმით, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.

"მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება,"-აღნიშნავს ქებურია.

მისი თქმით, სამართალდამცველები ბირჟა მაფიას ორივე წევრს ურჩევდნენ, რომ დანაშაული დაებრალებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მდგომარეობა უფრო გართულდებოდა.

დღის ამბები