„ეს არის პირდაპირ სახელმწიფო ცენზურა,“ - ასე შეაფასა მედიამკვლევარმა, ნინო დანელიამ, რეპერების დაკავება. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.
ნინო დანელია დარწმუნებულია, რომ რეპერების დაკავება ცენზურის მიზნით მოხდა.
„სრულიად აპოლიტიკური ადამიანები გამოიყვანა ქუჩაში უსამართლობამ, არა ადამიანურმა უსამართლობამ, როდესაც ხელისუფლებამ თავხედურად გადაწყვიტა ორი ბიჭი ჩაესვა ციხეში მარტო იმიტომ, რომ ისინი მღერიან იმას, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.
ნინო დანელია აღნიშნავს, რომ პოლიცია „ძველბიჭურად“ არჩევს საქმეებს, რაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. მან აღნიშნა, მათი დაკავება სისტემური დანაშაულია და სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრებს.
„სახელმწიფო არის დამნაშავე მათ წინაშე და სისტემამ უნდა მოუხადოს მათ ბოდიში. მათ არაფერი არც გადასახდელი არ აქვთ, არც საბოდიშო არ აქვთ და პირიქით, მათი საქმე უნდა იყოს კიდევ უფრო წარმატებული,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.