18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ბრალდებულთა ადვოკატები, კომპანია "სვეტის" დამფუძნებლის გატაცების ფაქტს გამოგონილს უწოდებენ

ბიზნესმენ გია ჯიბლაძის გატაცებისთვის დაკავებულებს ბრალს რამდენიმე საათში ოფიციალურად წაუყენებენ. ოთხივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და არცერთი მათგანი თავს დამანაშავედ არ ცნობს.

დაკავებულების ადვოკატებს სისხლის სამართლის მასალები უკვე გადაეცათ. დაცვის მხარის ინფორმაციით, საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, შეიცავს აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს. თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის ვერცერთი მტკიცებულება, მათ შორის ვერც აუდიო და ვერც ვიდეო მტკიცებულება ვერ ადასტურებს, რომ დაკავებულებმა გაიტაცეს სამშენებლო კომპანია სვეტის დამფუძნებელი.

დაცვის მხარის განცხადებით, გია ჯიბლაძემ გამოიგონა გატაცების ფაქტი, რადგან როგორც ადვოკატები ამბობენ, ჯიბლაძეს ფინანსური ვალდებულებების შესრულება არ სურს, რომელიც კომპანია მშენებელ სამთან აქვს, დაკავებულები კი სწორედ ამ კომპანიის წარმომადგენლები არიან.

დაცვის მხარე გეგმავს მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საქალაქო სასამართლოში წარადგინონ.

ოთხი დაკავებულიდან არცერთი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

„ჩანაწერებში, არც აუდიო და არც ვიდეო ჩანაწერებში არსად არ არის არანაირი ფაქტი, რომელიც ასახავდა გატაცებას, არ არის არცერთი სიტყვა, რომელიც ასახავდა გამოძალვას. მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ არის იმის, რაზეც მიდის საუბარი. გამოძიება თითქოს მიდის ცალმხრივად, საერთოდ არ აქვს საუბარი დაზარალებულს ვინ არის, რა ვალდებულები ჰქონდა, რა უნდოდათ. გამოძიება მიდის მხოლოდ იმ კუთხით, რომ ამ ოთხმა პირმა რაღაც დააშავა,“ - განაცხადა ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა.

დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე, სადაც ოთხივე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე უდნა იმსჯელონ, გირაოს მოითხოვს. ადვოკატები იმ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ გია ჯიბლაძემ სამართალდამცავ ორგანოებს გატაცების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის შემდეგ მიაწოდა. 

დღის ამბები