კომპანია სვეტის დამფუძნებელ ბიზნესმენ გია ჯიბლაძის გატაცებისთვის დაკავებულებს ბრალსამ წუთებში აცნობენ. ოთხივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და არცერთი თავს დამანაშავედ არ ცნობს.
ადვოკატები ე.წ. მოდულის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. სავარაუდო გამტაცებლების ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ საქმის მტკიცებულება ვერ ადასტურებს, რომ დაკავებულებმა გაიტაცეს სამშენებლო კომპანია სვეტის დამფუძნებელი.
დაცვის მხარის განცხადებით, გია ჯიბლაძემ გატაცების ფაქტი გამოიგონა, რადგან ჯიბლაძეს ფინანსური ვალდებულებების შესრულება არ სურს.
„საქმის მასალები გადმოგვეცა გუშინ, წარმოდგენილია გარკვეული წერილობითი ე.წ. მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო მასალები, რომლითაც არ დასტურდება, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაიდინეს დანაშაული, რასაც დღეის მდგომარეობით ედავება გამოძიება,“ - განაცხადა ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა.
უფლებადამცველი კონკრეტულად ვიდეო მასალების შესახებ ამბობს, რომ კადრებში მხოლოდ ჩვეულებრივი საქმიანი საუბარი ჩანს.
გიორგი ბერეჟიანის ადვოკატი ფრიდონ ყუფარაძე „შეკერილ საქმეზე“ საუბრობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ოთხივე პირი უკანონოდ არის დაკავებული.
„ეს არის სუფთა სისულელე, შეკერილი საქმე. ფაქტიურად საერთოდ დანაშაული არ იკვეთება ამ საქმეში. ეს ბიჭები არიან სულ ტყუილუბრალოდ დაკავებულები. ჯიბლაძე იყენებს ფაქტიურად პოლიციასაც და პროკურატურასაც, თავისი მიზნების შესასრულებლად, რომ არ გადაიხადოს თუ ვალი აქვს რაიმე და თავისი ეს ბიზნეს ვალდებულებები არ შეასრულოს,“ - ამბობს ფრიდონ ყუფარაძე.