18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
აფგან მუხთარლის გატაცების საქმე - ევროდეპუტატები რეზოლუციას კენჭს ხვალ უყრიან

დღეს დღის ბოლომდე, სხვადასხვა საერთაშორისო პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე, რეზოლუციის პროექტს შეიმუშავებენ. დოკუმენტის საკუთარი ვარიანტი 5-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა და უმეტეს მათგანში ჟურნალისტის საქმეზე სიტყვა გატაცებაა ნახსენები. რეზოლუციაში ასევე საუბარია, რომ გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ და ქართულ ენაზე საუბრობდნენ.

ევროდეპუტატები საკუთარ დოკუმენტებში ასევე მიესალმებიან, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებსაც ახსენებენ.

რეზოლუციის შემუშავების პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმიც აქტიურად არის ჩართული, ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს და მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„პოლიტიკური პარტიები ტექსტს ათანხმებენ. მათი ნაწილის პოზიცია საკმაოდ მკაცრია და მოითხოვს სანქციების შემოღებას იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელთა მონაწილეობაც დადგინდება ამ დანაშაულში. თემა საკმაოდ მგრძნობიარეა და მისი სათანადოდ გადაჭრა მნიშვნელოვანია საქართველოს იმიჯისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის ფონზე. ჩვენ გავაკეთეთ განცხადებაც, და მოვითხოვეთ სწრაფი და სანდო გამოძიების ჩატარება, რადგან ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში მცხოვრები სხვა აზერბაიჯანელების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. საქართველო ვალდებულია, შეასრულოს საერთაშორისო კონვენციები და უზრუნველყოს ამ ხალხის უსაფრთხოება,” - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნატალია იეროშევიჩმა.

აზერბაიჯანელი დისიდენტი, ყოფილი დიპლომატი, არიფ მამედოვი აფგან მუხთარლის გატაცებას ქვეყანაზე თავდასხმის ტოლფასს უწოდებს.

„კანონის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს ადამიანი, ეს ქვეყანაზე თავდასხმის ტოლფასია. ქართულ საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს სიმართლე, მიიღოს ყველა შეკითხვაზე პასუხი,” - განაცხადა არიფ მამედოვმა.

ევროდეპუტატები, აფგან მუხთარლის გატაცების საქმისა და აზერბაიჯანში მედია გარემოს თაობაზე რეზოლუციას კენჭს ხვალ უყრიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები