საქართველოს პარლამენტში სესიაზე დეპუტატებმა გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე იკამათეს. ოპოზიციამ მმართველი გუნდი ქვეყნის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულა.
„სანამ ეს საქმე არ არის გამოძიებული, მე მინდა გითხრათ, რომ მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა. მეტიც, ეს ტომარა გადაფარებული აქვს პარლამენტს და უმრავლესობას გაქვთ გადაფარებული ტომარა და საით მიგაქანებენ დღეს არცერთმა არც იცით,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ისინი აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას ელოდებიან და საგამოძიებო უწყებებს ნდობას უცხადებენ.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ჩვენი სამარათალდამცავი სტრუქტურები მოახერხებენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ ამს საქმეს. პასუხს გასცემენ ყველა კითხვის ნიშანს, რომელიც ისმის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლების ინტერესი, რომ გამოძიებულ იქნას ეს საქმე,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.