მსახიობ დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას დღეს ერთი ნიღბიანი პირი თავს ბეისბოლის ჯოხით დაესხა. მსახიობი ინგოროყვას კლინიკაში თავის არეში ღია ჭრილობით და სხვადასხვა დაზიანებით მიიყვანეს.
როგორც შემთხვევის თვითმხილველი ყვება, თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცი იყო.
„ქუჩის მეორე მხრიდან გამოირბინა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც სახეზე იკეთებდა სასწრაფოდ ნიღაბს. რაღაც ვერ იკეთებდა თან და საერთოდ, იხსნიდა თუ იკეთებდა, ამასაც ვერ მივხვდი წესიერად, მაგრამ სახეზე ჰქონდა ეს ნიღაბი შავი. ის მორბოდა და მას მოსდევდა ერთი თუ ორი გოგო, საცხობის თანამშრომლები, იქვე არის რაღაც ღვეზელების საცხობი და მე მეგონა, რომ იყო თავდასხმა, რაღაც ყაჩაღობა და მერე უკვე გამოჩნდა, ხალხი რომ შეჯგუფდა, დაჭრილი იყო ადამიანი, სისხლი მოსდიოდა და ვიცანი შორიდან როსტომაშვილი,“ - განაცხადა თვითმხილველმა.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიჭირეს და ხელბორკილები დაადეს.
დავით როსტომაშვილის მოსანახულებლად მისი მეგობარი, იუმორისტი ბესო ბერულაშვილი მივიდა. მისი ინფორმაციით, მსახიობი კონტაქტურია.