აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტზე ევროპარლამენტმა რეზოლუციის ტექსტი საბოლოოდ შეათანხმა. დოკუმენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გარდა, მედიაში არსებულ ვითარებაზეცაა საუბარი. დოკუმენტის მიღებამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება და დეპუტატები პირად პოლიტიკურ პოზიციებს საჯაროდ გამოხატავენ.
გარდა ამისა, რეზოლუციაში, პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. პირველივე პუნქტში აღნიშნულია, რომ ევროდეპუტატები მკაცრად გმობენ ჟურნალისტის გატაცებას თბილისიდან და მისი ბაქოს ციხეში გადაყვანას.
„ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისში გატაცებას და შემდგომში მის ბაქოში დაკავებას, მიიჩნევს ამას ადამიანის უფლებების სერიოზული შელახვის ფაქტად და გმობს კანონის სერიოზულ დარღვევას,“ - ნათქვამია რეზოლუციაში.
შემდეგ სამ პუნქტში, საუბარი გამოძიებას ეხება. ევროპარლამენტის დეპუტატები მოითხოვენ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.
"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აფგან მუხთარლის საქართველოში იძულებით გაუჩინარების, მისი აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიებისკენ, ასევე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ. მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იძულებით გაუჩინარებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობის ეჭვის გასაფანტად და სიცხადის დასადგენად. ასევე, ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში მცხოვრები მესამე სახელმწიფოს მოქალაქეების დაცვა უზრუნველყოს,“ - ნათქვამია რეზოლუციის პუნქტში.
რეზოლუციის პროექტი 16 პუნქტიანი იქნება. მასზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ასევე ევროპარლამენტში შემავალი ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი მუშაობდა. "კურიერის" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო ტექსტში უმნიშვნელო ცვლილებები შევიდეს.