საგარეჯოს რაიონის სოფლებში იმედი ჰქონდათ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ამუშავდებოდა, თუმცა "დელტას" იმ ღამით არ უსვრია.
სტიქიამ სოფლის მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დატოვა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კახეთში 100-მდე სოფელი დაისეტყვა. აქ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი აღარ არსებობს.
მილიონების არაეფექტურად ხარჯვაში ადანაშაულებს ხელისუფლებას გიორგი ბოტკოველი. "ნაციონალური მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ თავდაცვის უწყების თანამშრომლები სისტემას დაგვიანებით იყენებენ.
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 83 სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი დგას, 29 მათგანს კონკრეტული მიმართულებით სროლა დასახლებული პუნქტების გამო, აკრძალული აქვს.
მართვის ცენტრში ამბობენ, რომ სეტყვისგან სრული დაცვის გარანტია არ არსებობს, ამის მიუხედავად სპეციალისტებმა 10 და 11 ივნისს, ქვეყანა ძალიან დიდი ზარალს გადაარჩინეს. ღრუბლების დამუშავების შემდეგ 412 ათასის ნაცვლად, სეტყვა მხოლოდ 2000 ჰექტარზე მოვიდა.
საჰაერო ნავიგაციაში არ უარყოფენ, რომ "დელტას" სროლას ხელს ხშირად თვითმფრინავების მარშრუტი უშლის.
ავტორი: ია გულიაშვილი.