დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ვერეს ხეობაში ესტაკადის მშენებლობის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ის ამ პროცესში საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, როლზე არ საუბრობს. ნარმანია ამტკიცებს, რომ ესტაკადის მშენებლობისთვის მწვანე საფარის გაჩეხვა იყო აუცილებელი, თუმცა როგორც ირკვევა, დედაქალაქის მთავრობამ თავადვე მოიწონა პროექტი, რომელიც ხეების მოჭრას ითვალისწინებს.
მერიამ ტენდერიც გამოაცხადა და კომპანია "ზიმოს" პროექტის განსახორციელებლად წინასწარ მილიონი ჩაურიცხა, პროექტის ავტორი ვერ ხვდება, თუ რატომ ასახელებენ პროექტის ჩაშლის მიზეზად ახლა ხეების გადარგვას, მაშინ როდესაც 2015 წელს ეს პროექტი მოიწონეს დაამტკიცეს და ამაში ავტორს ჰონორარიც გადაუხადეს.
საკრებულოში არ ადასტურებენ, რომ მოწონებული და უკვე 1 მილიონი ლარით დაფინანსებული პროექტის განუხორციელებლობის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის დათმობაზე უარია.
ამ საკითხზე ოპოზიციის კითხვებზე პასუხების გაცემა თბილისის მერს, სავარაუდოდ, საკრებულოს საგანგებო კრებაზე მოუწევს.