ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ ხმაურიან საქმეზე პროკურატურა პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომის გამოძიებასთან ერთად სხვა დეტალებითაც დაინტერესდა. საგამოძიებო უწყებამ ვიდეო რგოლის გადაღებაში მონაწილე მსახიობებიც დაკითხა. პროკურორები კლიპის მომზადების ტექნიკურ დეტალებს არკვევენ და შინაარსითაც ინტერესდებიან, თუმცა მსახიობებთან მიზეზებზე არ საუბრობენ.
პროკურატურამ გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე დაიწყო, თუმცა არცერთი სამართალდამცველი ამ დრომდე პასუხისგებაში არ გადაუციათ. როგორც „ბირჟა მაფიის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ქებურია აცხადებს, მას იმ პოლიციელების იდენტიფიცირება შეუძლია, რომლებიც მის დაკავებასა და შემდგომ, ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მონაწილეობას იღებდნენ.
დღეს პროკურატურაში მუსიკოსების მეგობარი რეპერი, „მასტერიც“ იმყოფებოდა. გამოძიებას მან გიორგი ქებურიასთან მიმოწერა აჩვენა. „მასტერის“ განცხადებით ქებურიას დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ "ბირჟა მაგფიას" კლიპმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული წარმომადგენლები გააღიზიანა.
ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ პროდიუსერი კი აცხადებს, რომ კლიპის დადების შემდეგ „აჭარა ნეტი“ მის აღებას ითხოვდა.
პოლიციელთა მხრიდან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ 5 დღის წინ დაიწყო.