არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოსა და სამართალდამცავ სისტემაში ძირეულ რეფორმას და არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საფუძვლიან გადახედვას ითხოვენ. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ქვეყანაში სამართალდამცავ სისტემაში არსებულ პრობლემებზეა საუბარი.
სამოქალაქო სექტორი მოითხოვს შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულის ფაქტებს გამოიძიებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციელთა გადაცდომებს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
„სისტემური პრობლემა არის ის, რომ დღესდღეობით პოლიციას არ ჰყავს პოლიცია. არ არსებობს ის მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს იმ დანაშაულებს, რომელსაც ჩადიან პოლიციელები. არ არსებობს ეფექტური სამართლებრივი რეგულაციები პოლიციასთან დაკავშირებით, პოლიციას აქვს დეპოლიტიზირების ხარვეზები, სამართალდამცავი სისტემები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგანან და აუცილებელია ამ საქმეებში გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, სწორედ ასეთი სისტემური ნაბიჯები გადაიდგას,“ - განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ.