18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
20 წლის გოგონა პოლიციას ცემაში ადანაშაულებს

20 წლის გოგონა პოლიციას ცემაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს შორის ჩხუბი ვარდების მოედანზე მოხდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს გოგონა ნასვამ მდგომარეობაში, სხეულზე მიყენებული დაზიანებებით დახვდათ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გოგონამ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა. წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულმა ქალბატონმა ადვოკატს განუცხადა, რომ სხეულზე დაზიანებები სამართალდამცველებმა მიაყენეს.

განცხადების დასადასტურებლად შინაგან საქმეთა სამინსტრო ოფიციალურ ვებ გვერდზე ვიდეო მასალასაც ავრცელებს, რომელიც, მათი თქმით, ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

დაზარალებულის ადვოკატის თქმით, შელაპარაკება და ჩხუბი დაზარალებულსა და ერთ-ერთი კვების ობიექტის წარმომადგენელს შორის ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულმა პოლიცია ორჯერ გამოიძახა და ამ პერიოდში გაუსწორდნენ მას ფიზიკურად პოლიციის თანამშრომლები. ადვოკატის თქმით, აღნიშნული შემთხვევა სასწრაფო დახმარების ექიმების თვალწინ მოხდა.

"გაშლილი ხელით ცემდნენ, მთელ ხელებზე აქვს სისხლჩაქცევები“ - განაცხადა ადვოკატმა ნინო ელბაქიძემ.    

ექიმის თქმით, პაციენტმა მკურნალობაზე უარი განაცხადა და კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.

"ჰქონდა ფიზიკური დაზიანების ზედაპირული ტრავმები. პაციენტის გადმოცემით, მას ტრავმა მიღებული აქვს ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად. ჩაუტარდა კვლევები, შეთავაზებულ იქნა პაციენტზე სტაციონალური მკურნალობა, რაზეც უარი განაცხადა. საკუთარი სურვილით საკუთარი ხელმოწერით დატოვა კლინიკა“ - აღნიშნა მარიან ირემაძემ.  

 

დღის ამბები