18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
დავით ხარშილაძეს თავდებში "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე დაუდგება

გაზეთ "ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორის შვილს, დავით ხარშილაძეს თავდებში "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი დაუდგება. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში დავით ხარშილაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, გამოძიების კითხვებს სამი პოლიციელი უპასუხებს.

დავით ხარშილაძეს წინასწარი პატიმრობა 18 ივნისს ეწურება და დაცვის მხარე შუამდგომლობას აყენებს, დაკავებულის აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება, თუმცა ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე დოკუმენტურ მტკიცებულებებს წარადგენენ. მისი განცხადებით, დეტექტივ-გამომძიებლის თანაშემწე, კუკური წივწივაძისა და ლიკა ივანიშვილის განქორწინების მოწმობის ასლი აქვთ, რითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ კუკური წივწივაძემ სასამართლოს წინაშე იცრუა.

„19-ში ვაყენებთ შუამდგომლობას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე და გამოჩნდება ძალიან მკაფიოდ, სასამართლო ხელმძღვანელობს ბერას სტატუსებით თუ ხელმძღვანელობს კანონით,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო მათ შუამდგომლობას, პირადი თავდებობით აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლის თაობაზე, დააკმაყოფილებს.

„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ბრალდებული გამოცხადდება სასამართლო პროცესებზე, ხელს არ შეუშლის გამოძიებას. მე ვფიქრობ, რომ ის არის პოლიტპატიმარი, ის არის დაკავებული მისი დედის საკმაოდ აქტიური საქმიანობის გამო,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. 

დღის ამბები