18 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ექსკლუზივი გინდათ გქონდეთ სამშობლოს ღალატზე?! - ცხარე კამათი პარლამენტში

დღეს საქართველოს პარლამენტში მწვავე დებატები სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე მწვავე კამათი იყო.

კონსტიტუციაში მიწის გასხვისების თაობაზე შეზღუდვის შესვლამდე უმრავლესობის ინიციატივით, 1 თვის განმავლობაში მიწის გასხვისება აიკრძალება, რათა ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დიდი რაოდენობით არ გაყიდონ.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უმრავლესობა ამგვარად პოპულისტურ ნაბიჯებს დგამს და შედეგად, ქვეყანას ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის.

„ილია ჭავჭავაძისთვის მთავარი ღირებულება იყო პიროვნების თავისუფლების უფლება. მთავარი ღირებულება იყო ვაჭრობის თავისუფლების უფლება, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ბევრმა თქვენ სიტყვა ლიბერალიზმი გადააქციეთ სალანძღავ სიტყვად,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგო რატიანმა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ სერგო რატიანმა უმრავლესობა დაწყევლა.

„ბატონი სერგო რატიანისგან მივიღეთ ლიბერალიზმის წყევლა, დაგვწყევლა, ფაქტორბივად გვითხრა, რომ იმ მორატორიუმით, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ ქვეყანაში, რითაც ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებას, რომ მათ შეძლონ უპატრონონ, მოუარონ და მიიღონ მაქსიმალურად ის სიკეთეები, რაც შეიძლება ქართული მიწისგან, სოფლის მეურნეობისგან მიიღოს ქვეყანამ,“ - განაცხადა გიგა ბუკიამ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ენძელა მაჭავარიანმა კი სერგო რატიანს ილია ჭავჭავაძის წიგნთან ერთად, მომავალში ნიკო ნიკოლაძის პასუხებთან ერთად მოსვლა ურჩია.

„თუ ვერ იშოვოთ ნიკო ნიკოლაძის ტომები, მე გამოგიგზავნით და გადაიკითხეთ,“  - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ იმ კონსტიტუციის შესაბამისი ზომების მიღება, რომელიც ჯერ პარლამენტს არ მიუღია, ალოგიკურია.

„თურმე თქვენ მორატორიუმს აცხადებთ კონსტიტუციის მიღებამდე და ეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი-პოლიტიკური დონე?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, ქართული მიწები საქართველოს მფლობელობაში აღარ იქნებოდა.

„ამაში ახლა თანდათანობით უფრო ვრწმუნდები და დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თქვენ ეს გაგიკეთათ,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ უმრავლესობას იმ ტერიტორიებზე დაუსვა შეკითხვა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიწას არ წარმოადგენს.

„არა სასოფლო-სამეურნეო მიწა დედა სამშობლო არ არის?! მაგ ნაწილს რატომ ყიდით დედა სამშობლოსი? იჯარით დედა სამშობლოს გაცემა შეიძლება? რატომ არის სამშობლოს გაცემა იჯარით კარგი? და ორგანულ კანონში გამონაკლისებს რომ აწესებს, ეგ რას ნიშნავს? გამონაკლის შემთხვევაში სამშობლოს გაყიდვა კარგია? თუ ექსკლუზივი გინდათ გქონდეთ თქვენ სამშობლოს ღალატზე?!“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამ საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა დასკვნა გააკეთა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სავარაუდოდ, სოფლები არ აქვთ და ამ საკითხზე არც წარმოდგენა აქვთ.

დღის ამბები