5-გვერდიანი რეზოლუცია სათაურით „აფგან მუხთარლის საქმე და მედიის კუთხით არსებული ვითარება აზერბაიჯანში" ევროპარლამენტმა სტრასბურგში დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო. 17-პუნქტიან დოკუმენტში არაერთხელაა ნახსენები სიტყვა გატაცება და სესიაზე სიტყვით გამომსვლელი დეპუტატებიც ეჭვქვეშ არ აყენებდნენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სწორედ საქართველოში გაიტაცეს და შესაბამისად ოფიციალურ თბილისს ბაქოსთან ერთად მომხდარზე თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებენ.
აზერბაიჯანის დედაქალაქში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ოფიციალურ შეხვედრებზე სწორედ აფგან მუხთარლის საქმეზე ილაპარაკებს.
ევროპარლამენტარები ერთმანეთს საჯარო გამოსვლებშიც ღიად აკრიტიკებდნენ.
რეზოლუციის ტექსტი, რომელიც აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს, ევროპარლამენტში შემავალმა ყველა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა. დოკუმენტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია - ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მუხთარლის ოჯახის წევრების გარდა, ქვეყანაში მცხოვრები სხვა დისიდენტების უსაფრთხოებაც უზრუნველჰყოს.