პოლიციელების მიმართ, რომლებსაც ჟურნალისტი ელისო კილაძე საკუთარ შვილზე ძალადობრივ ქმედებაში ადანაშაულებდა, საქმის წარმოება შეწყდა. თბილისის პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება 18 მაისს მიიღო, თუმცა დავით ხარშილაძის ოჯახის წევრებმა ამის შესახებ მხოლოდ დღეს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყვეს, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ ამ გადაწყვეტილების საქმეში დართვა მოითხოვა.
საქმე იმ პოლიცილების წინააღმდეგ იყო აღძრული, რომელებიც დავით ხარშილაძის დაკავებაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის შვილი ადგილზე გაჩხრიკა და დააკავა, დღეს მოსამართლემ დაკითხა.
მოწმის მიერ დასახელებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ მასალაშიც ფიგურირებენ. შვილის დაკავებისა ამსახველი ვიდეომასალა ჟურნალისტმა შვილის დაკავებიდან მალევე გაავრცელა. სწორედ ამ პირების დაკითხვის შუამდგომლობა, დღეს დაცვის მხარეს მოსამართლემ დაუკმაყოფილა.
დავით ხარშილაძის 3 თვიანი პატიმრობის ვადა 19 ივნისს ეწურება, ამიტომ დღეს დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ითხოვა. საპატიმროს დატოვების შემთხვევაში ხარშილაძეს თავმდებად "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დაუდგებოდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორის შვილი დავით ხარშილაძე 14 მარტს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ბრალი წარუდგინეს. ელისო კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით ნარკოტიკული ნივთიერება მის შვილს პოლიციელებმა ჩაუდეს.