ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეს ეხება, გამოხმაურებები მოჰყვა საპარლამენტო ოპოზიციაში.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი, საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრობს.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია გვაჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურები ხელმძღვანელობენ არა ქვეყნის ინტერესებით, არამედ რაღაც კერძო ინტერსებით, რომელიც არ ემთხვევა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი, ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას „ადეკვატურ შეფასებას უწოდებს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთდა.
„დღემდე, ჩვენ ვერანაირი ადეკვატური ნაბიჯი ვერ დავინახეთ ხელისუფლების მხრიდან,“ - აღნიშნავს სამადაშვილი.
განსხვავებით ოპოზიციის წევრებისა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციას აფგან მუხთარლის საქმეზე, „არაფერ განსაკუთრებულს“ უწოდებს.
„აქვე არის პოზიტიურ ჭრილში ნახსენები ის ფაქტი, რომ საქართველოში ამ მიმართულებით გამოძიება უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს,“ - აცხადებს ხულორდავა.
შეგასენებთ, რომ ევროპელი კანონმდებლები მკაცრად მოითხოვენ ორივე ქვეყნის ხელისუფლებისგან აფგან მუხთარლის გატაცების სწრაფ გამოძიებას.