დღეიდან პეკინის გამზირის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები კი უკვე ხვალიდან შეიცვლება. ცვლილებები შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე აღდგება გზის საფარი. სამუშოებს 3 თვე დასჭირდება. ამ პერიოდში გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.
მოძრაობა დროებით პეკინისა და რამდენიმე მიმდებარე ქუჩებზე ცალმხირვი იქნება. ცვლილებებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ სპეციალური ვიდეო რგოლიც მოამზადა.
„პეკინის გამზირი დღეს ღამით დაიკეტება, ღამე 10 საათზე მე ჩავატარებ შტაბის სხდომას. მინიმუმ 50 წელია, რაც ფუნდამენტური რეაბილიტაცია პეკინის გამზირისა არ განხორციელებულა, შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ კომუნიკაციების კომპანიებთან ერთად გამოვცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგეს გზის საფარი მოდიფიცირებული ასფალტით, რაც თანამედროვე ბოლო ტექნოლოგიაა, კეთილმოეწყობა ტროტუარები,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.