18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს - ანალიტიკოსები ევროპარლამენტის რეზოლუციას აფასებენ

ევროპელი კანონმდებლების მხრიდან აზერბაიჯანელ ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ანალიტიკოსთა შეფასებით, აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს დემოკრატულ იმიჯს და სწრაფვას ევროპული სტრუქტურებისკენ ზიანი უკვე მიაყენა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათ ქუთელია ამბობს, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია გამოძიების დროულად დასრულება.

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტმა უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის იმიჯს, საქართველოს სწრაფვას ევროპული სტრუქტურებისკენ, რადგან, ამ სწრაფვის მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ ფუნდამენტური, ადამიანური ღირებულებები არის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტის რეზოლუცია იმ კუთხით, რომ გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად შევამციროთ უკვე მიღებული ზიანი. ოღონდ ამის მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციის შელახვაზე საუბრობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ხედავენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან და ამ ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა არ არის ეფექტური. ცხადია, ის კითხვები, რაც უჩნდება ქართულ საზოგადოებას, ამ ფაქტში ჩვენი სამართალდამცავების ჩართულობასთან დაკავშირებით, ეს კითხვები არსებობს ევროპაშიც და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის ეს არის ძალიან დიდი დარტყმა,“ - აცხადებს ეკა გიგაური.

დღის ამბები