18 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - კანონპროექტმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღოს

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღოს. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

დიმიტრი ხუნდაძე ვარაუდობს, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით საჯარიმო სანქციები არაადეკვატურია. მან დეპუტატებს მიმართა კითხვით, არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, ქვეყანაში გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვი.

„მე ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი თეორიულად არის კარგი, მაგრამ პრაქტიკულად ხიფათის შემცველი,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მის ვარაუდებს და კითხვებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა. ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მომხმარებელთა რიცხვის ზრდას გამორიცხავს.

პარლამენტში ასევე ნარკოტიკების ჯანმრთელობაზე გავლენასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ხოლო ალექსანდრე ბარამიძემ გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხად აღნიშნა, რომ მართლაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა, აქ მთავარია, უნდა ხდებოდეს თუ არა ამ დროს მომხმარებლის დაკავება.

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ადა მარშანია აცხადებს, რომ მარიხუანას მომხმარებელი თუ ყოველ ჯერზე გადაიხდის ჯარიმას, ეს გამოსავალი არ იქნება. რაზეც საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ უპასუხა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მარიხუანასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ლიბერალიზაციას გულისხმობს და არა დეკრიმინალიზაციას.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარე, გიგა ბუკია საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანის რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება მისთვის მიუღებელია.

 

დღის ამბები