პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას პარლამენტარების მხრიდან პოლიტიკური ბრალდებები მოჰყვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ ჩადებაზე უარი თქვას.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კამპანიის დაწყების დაგვიანების გამო აკრიტიკებს. სერგო რატიანის თქმით, ამას ბიძგი რეპერების საქმემ მისცა.
„აშკარა არის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს იყო ჩაწოლილი და მხოლოდ დღეს მოხდა, მას შემდეგ, რაც ძალიან სერიოზული, ფაქტობრივად, დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ, აღშფოთებული იყო მთელი საზოგადოება, ამის შემდეგ დაგჭირდათ რაღაც მოძრაობების გაკეთება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, სერგო რატიანის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის დაყენებასთან რეპერების საქმე არანაირ კავშირში არ არის.
„რეპერების საქმეს საერთოდ კავშირი არ აქვს მასთან, რაზეც ახლა ჩვენ ვმსჯელობთ საკანონმდებლო ორგანოში,“ - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ თუ ნარკოტიკების ჩადება დადასტურდება, არავინ ხელს არ დააფარებს კანონის დამრღვევს.
„ცალკეული გადაცდომები თუ პრაქტიკაში ხდება და დაუდასტურდება ვინმეს, რომ ვიღაცამ გაბედა კიდევ და დღეს ნარკოტიკი ჩაუდო, თუ ამას სასამართლო დაამტკიცებს, არავინ ამას ხელს არ დააფარებს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.