ნახევარ წელზე მეტი ხნის წინ, საზეიმოდ მიღებულ ბინებში დევნილები ამ დრომდე ვერ გადადიან. აღმოჩნდა, რომ ბორჯომში ახლადგარემონტებულ შენობაში, რომელიც პირადად მინისტრმა სუბარმა დაათვალიერა, სრულიად გაუმართავი შიდა ინფრასტრუქტურაა.
ბორჯომში მცხოვრები დევნილების ერთი ნაწილი ბინების გადაცემას, მეორე ნაწილი კი უკვე გადაცემული ფართების ხელახლა გარემონტებას ითხოვს. ისინი არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.
უწყების ხელმძღვანელს ამ თემაზე საუბარი აღარ სურს, სოზარ სუბარი ხელს ინფრასტრუქტურის სამინისტროსკენ იშვერს.
რა დაემართა მილებს უცხოვრებელ კორპუსში ჯერ არავის შეუსწავლია. დევნილები ამბობენ, რომ ახალმოსახლეებს ისეთივე პრობლემები დახვდათ, როგორც ძველ შენობაში ქონდათ.
დევნილები, რომლებიც ლიკანში ძველი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობენ ახალ ბინებს 24 წელია ელოდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში ძველი შენობა მწყობრიდან მთლიანად გამოვიდა.
ამ საფრთხეების მიუხედავად ახალ შენობაში გადასვლას არ აპირებენ. ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ისიც ისეთივე ნანგრევებად იქცევა, როგორც მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი.
დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებზე პასუხისმგებლობას არ იღებს ბორჯომის გამგეობაც. გამგებელმა "კურიერთან" შესახვედრად ვერ მოიცალა, თუმცა, გადმოგვცა, რომ დევნილების პრობლემები მას არ ეხება და ამაზე სამინისტრომ უნდა იზრუნოს.