18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ნებართვის არქონის მიუხედავად, ბათუმში მუსლიმებმა ხის მეჩეთი ააშენეს

ბათუმში მუსლიმებმა სახელდახელოდ ახალი სამლოცველო ააშენეს. კონსტრუქციას, რომელიც მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დგას, მორწმუნეებმა მეჩეთი უწოდეს და პარასკეობით სწორედ აქ აპირებენ ლოცვას. ლაპარაკია იმ ადგილზე, სადაც ბათუმის მერიამ და აჭარის მთავრობამ მუსლიმებს არ მისცა მეჩეთის მშენებლობის დაწყების ნებართვა. ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ განმარტავს ამ აკრძალვის მიზეზს.

ქართველი მუსლიმები დარწმუნებულები არიან, რომ მეჩეთის მშენებლობაზე უარი პოლიტიკური ნებაა. მიწის შეძენის შემდეგ თითქმის ყველა სამთავრობო უწყებას სთხოვეს მშენებლობის ნებართვა, თუმცა მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოდან მიიღეს პასუხი და ისიც უარი. ერთ-ერთი მიზეზი გზის მშენებლობის პროექტია, რომელიც ბათუმის ახალ გეგმაში შედის, თუმცა როდის დაიწყება მისი დაგება, არავინ იცის.

რელიგიური ლიდერი დისკრიმინაციაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მუფტი და მისი მრევლი მშენებლობაზე თანხმობას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს არ გამორიცხავენ.

"ადამიანის უფლებებისა და სწავლების ცენტრთან" ერთად მეჩეთის აშენების უფლებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი."  მათ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს. იურისტი ამბობს, რომ ბათუმის მერიამ რელიგიის თავისუფლებაზე მაღლა ქალაქის განვითარების გეგმა დააყენა და ამით ანტიდისკრიმინაციული კანონი დაარღვია.

ბათუმის მერი აცხადებს, რომ მუსლიმებს ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს თუმცა ხისგან აგებულ მეჩეთში წუხან, რომ მათგან, ვისაც პრობლემის მოგვარება შეუძლია, არავინ ელაპარაკებათ. შეთავაზება კი რომელზეც აჭარის მთავრობა საუბრობს ძველი მეჩეთის გაფართოებაა.

დღის ამბები