წალკაში აქცია BP-ის პროექტზე დასაქმებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ გამართა. სამხრეთკავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის კონტრაქტორები ხელფასის მომატებასა და სამუშაო საათების შემცირებასთან ერთად, პირობების გაუმჯობესებასაც მოითხოვენ.
2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე მუშაობა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია. თურქულ-გერმანული საწარმო ”ბეხტელენკა” სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ”BP”-ს დაკვეთით ასრულებს.
”ბეხტელენკასა” და დასაქმებულებს შორის არსებულ პრობლემებს ადასტურებენ მიწისქვეშა მილსადენის მშენებლობის დამკვეთ კომპანიაში, თუმცა „BP”-ის ხელმძღვანელობა სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას განმარტავენ, რომ გაფიცული მუშების მოთხოვნების დეტალური შესწავლა უკვე დაწყებულია.
გაფიცულ მუშებს პროფესიულ კავშირშიც გამოეხმაურნენ. ლავრენტი ალანია საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი შრომითი ვალდებულებების დარღვევაზე საუბრობს.
სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია სოფელ აიაზმაში დღის ბოლომდე გაგრძელდა. საყოველთაო გაფიცვის მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. მუშები პროტესტს ორშაბათიდან სამშენებლო ბაზის ტერიტორიამდე მისასვლელი გზის გადაკეტვით გააგრძელებენ.